ქართული სიტყვის მზეცხელით...
70, Тбилиси, Грузия

(ძღვნად ბატონ პეტრე ქოჩაკიძეს!)

ქართული სიტყვის მზეცხელით
ვახურე არაზანები,
ვაცხე პურ-ნუგბარეული,
ნაკურთხი წმინდა სამებით!
მაშრიყ-მაღრიბით ვაწვიე
სიბრძნისა არმაღანები,
უხვად ვუბოძე უპოვართ
საზრდო, ძოწი და ლალები,
თუცა მადლისა მუქაფად
ცრუთა სათხეველს გავები!
ვიმკე სამკალი თავთავთა,
ქართულ მზით ნაღაღანები,
ვეღარ მოვლიე მადლი თუ
ჭირთამნახველი ყანები,
კლდეს გავჭერ დარიალანი,
დარუბანდს შევხსენ კარები!
მერე ქება ვთქვი ვაზისა,
უფლისა დანაბარები!
ერთ გობად დავსხი კავკასნი:
კოლხნი, ლაზნი და წანარნი,
ჯიქნი და ვაინახელნი,
ლეკნი ორბისებრ ფრთამალნი,
ერთი ბეღლიდან ვაპურე,
ერთი ვუკურთხე მარანი.
ერთი ტაძარი ავუგე,
ერთი ვუწამლე წამალი,
ერთი დედის რძე ვაფიცე,
ერთი ვასურვე სალამი!
ვარბიე ქვეგამხედვარი,
ვმუსრე ციხე და დარანი,
ქარვა-მინანქრით ავავსე
საწნახელი და მარანი,
კოშკეთი ვაგე არღუნზე,
უტეხი ცადამავლი,
უფლისა ბეჭდით ვამოწმე
ჩემი ზღვარი და სამანი!...
მერე... ჩაშრტა და ჩაღველფდა
მადლისა ჩემთა ჩარანი,
უკან მოიქცა სიავით
ბედის ჩარხი და ჯარანი!
ვინ წამიბილწა სავანე?!
ვინ გადამიწვა ყანები?!
ვინ დამიგორა ლოდები,
სისხლ-ოფლითა და წამებით,
საუფლო ტაძრად დათქმული,
გოლგოთას ანატანები?!
თუ იალბუზი დავდრიკე,
ზეცით დარისხდნენ ზარები,
რად დამეგმანა სამოთხის
შეზამბახული კარები?
სად გაქრა ჩემი ბორჯღალი,
ღამეც რომ დღებრ მინათებდა?
ცას შეკიდული ზარდახშა
ნიადაგ მჭევრთა საქებრად!
ვაი, რომ ჩემი წარსული
ხელის გულად ჩანს აქედან!
ვიღაცა ბილწი ღვთის დედას
კვართის საკინძეს ახევდა,
დიდპაპა მკერდით იცავდა,
სისხლს და ცრემლს ერთად ათხევდა!
----------------------------------------------------
გავხედავ, ნისლში დაცურავს
მზე წითლად განაწირები,
აღარ მზეობენ ძველებურ
მისი უღონო სხივები,
ვერ დავაქუჩე კერაზე
ქარს გაყოლილი შვილები,
ობლად მიწაზე მავალი
სევდაში ჩავიძირები!

6 просмотров
 
Комментарии
EKA3EKA 02.03.2011

გავხედავ, ნისლში დაცურავს
მზე წითლად განაწირები,
აღარ მზეობენ ძველებურ
მისი უღონო სხივები,
ვერ დავაქუჩე კერაზე
ქარს გაყოლილი შვილები,
ობლად მიწაზე მავალი
სევდაში ჩავიძირები!...

chatilion-matan chatilion-matan 02.03.2011

მადლობა, გაიხარეთ!

galaxyca 02.03.2011

gaixareT...

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут