21.06.2013

ზეციური სამშობლოს კიბეზე ეს არის ბოლო საფეხური...https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/hphotos-ak-prn1/923081_369983849787216_1920058873_n.jpg
----------------------
37. სიმდაბლე* სასუფევლის კარია, იგი იქ შეიყვანს იმათ, ვინც ამ კარს მიუახლოვდებიან. რადგან, ვფიქრობ, რომ სწორედ ამის შესახებ ამბობდა უფალი: „შევიდეს და გამოვიდეს“ (იოან. 10.9) უშიშრად ამ სოფლიდან და „საძოვარი პოოს“ სამოთხეში.

38. ხოლო, ვინც მონაზვნობაში სხვა გზით მოვიდა, „მპარავია“ და „ავაზაკი“ იგი.

39. კარგად გამოვიკვლიოთ საკუთარი თავები ყველამ, ვინც სიმდაბლის მოპოვებას ვესწრაფით და მისი მოსურნენი ვართ; თუ საკუთარ სულში ვნახავთ, რომ მთელი ძალით გვსურს და ვესწრაფით იმას, რომ მოყვასი ყოველგვარ საქმეში ჩვენზე უკეთესი იყოს, ჩანს, რომ ღვთის მადლი შორს აღარაა ჩევნგან.

40. როგორც ცეცხლში თოვლის პოვნა შეუძლებელია, ასევე შეუძლებელია, რომ მწვალებელთა (ერეტიკოსთა) შორის სიმდაბლე აღმოაჩინო.

41. ეს სათნოება მართლმორწმუნე, წმიდა და ღვთისმოყვარე ადამიანებს ახასიათებთ.

42. საკუთარ თავს ცოდვილს მრავალი ვუწოდებთ და შეიძლება, მართლაც ასე ვფიქრობდეთ, მაგრამ ჩვენი სიმდაბლე მაშინ გამოიცდება, როდესაც სხვები შეურაცხგყოფენ.

43. დაე, იგი, ვინც სიმდაბლის ამ აუცილებელ ნავსადგურს მიაღწია, ნუ შეჩერდება და ყველაფერი გააკეთოს, რაც შეუძლია: დაე, თავს აიძულებდეს, ყოველგვარი სიტყვით, აზრით და სხვა საშუალებებით, გამოძიებითა და გამოცდით, ლოცვის აღსრულებით; ვიდრე ღვთის შეწევნით და ამგვარი ღვაწლით სამუდამოდ არ განერიდება ამპარტავნების ზღვას და თავისი სულის ნიავს არ გამოიყვანს მისგან. რადგან იგი, ვინც ამ ბოროტებას მოიკვეთს, სხვა ცოდვების მიტევებას ჩქარა მიიღებს, როგორც მეზვერე.

44. ზოგიერთმა, მართალია, ცოდვათა მიტევება მიიღო, მაგრამ სიმდაბლის გამუდმებული იძულების შედეგად სიცოცხლის ბოლომდე ინახავს ადრეული ცოდვების ხსოვნას, სიმდაბლეს მათი საშუალებით ინარჩუნებს და შემუსრავს ამპარტავნებას; სხვები ქრისტეს ვნებებს იხსენებენ, მათ გამო თავს ყოველთვის მევალეებად გრძნობენ და ამით მოიპოვებენ სიმდაბლეს; კვლავ სხვები მომავალი ცოდვების გამო შეიმუსრავენ თავს; სხვებმა სათნოებათა ეს საოცარი მშობელი მათზე მოსული განსაცდელებისა და სნეულებების საშუალებებით შეიცნეს; სხვები თავს ყოველდღიურად გამოუსწორებელი ცხოვრების გამო განსჯიან; სხვებმა ვედრებით: რომ უფალმა ყოველგვარი ნიჭი წაიღოს მათგან, გაითავისეს სიმდაბლე; არიან ისეთებიც, თუმც, ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, კიდევ არიან თუ არა, რომლებიც მით უფრო მეტად იმდაბლებენ თავს ღვთის წინაშე, რაც უფრო წარემატებიან მისი წყალობით, ისინი თავს ამგვარი სიმდიდრის უღირსებად სცნობენ და ამგვარად სულში ინახავენ აზრს, თითქოს დღითი დღე ცოდვას იმრავლებდნენ; აი, სიმდაბლე, აი, ნეტარება, აი, სრუყოფილება!

45. თუ ნახავ ვინმეს, რომელმაც მაღალ უვნებლობას მიაღწია, ნუ იფიქრებ, რომ მან გამოიყენა რაიმე სხვა საშუალება, გარდა - ამ სანატრელი და შეუმცდარი გზისა.

46. აი, კეთილი წყვილი - სიმდაბლე და სიყვარული. პირველი აღგამაღლებს, ხოლო მეორე ამაღლებულს შემოგიდგება და დაცემის საშუალებას არ მოგცემს, რადგან „სიყვარული არასადა დაეცემის“.

47. სხვა საქმეა გულის შემუსვრილება; სხვა - საკუთარი თავის შეცნობა; სულ სხვა - სიმდაბლე.

48. გულის შემუსვრილებას ცოდვით დაცემა წარმოშობს, რადგან ვინც დაეცემა, იგი იმუსრავს გულს და ლოცვაზე საქები კადნიერებით დგას, იმედის კვერთხს ეყრდნობა და სასოწარკვეთილების ძაღლს განდევნის.

49. თავისი თავის შეცნობა არის საკუთარი სულიერი მდგომარეობის და სიმაღლის ზუსტი ცოდნა და დაუვიწყებლად ხსოვნა და ძიება ყველა უმნიშვნელო ცოდვისაც კი.

50. სიმდაბლე ქრისტეს უხილავი მოძღვრებაა, რომელიც ღირსთა შორის უხილავად არსებობს და ადამიანური სიტყვით მისი გადმოცემა შეუძლებელია.

51. ვინც ამბობს, რომ ამ მირონის კეთილსურნელებას მცირედ გრძნობს, მაგრამ როდესაც აქებენ, გული ოდნავ მაინც შეუტოკდება და ქების სიტყვა ეამება (და არ შეაძრწუნებს ის), მაშინ, დაე, იგი ტყუილუბრალოდ თავს ნუ იცდუნებს.

52. იყო კაცი, რომელიც ამბობდა: „ნუ ჩვენთვის, უფალო, ნუ ჩვენთვის, არამედ სახელსა შენსა ეცი დიდებაი“ (ფს. 113.9); რადგან მან იცოდა, რომ ადამიანური ბუნება ქებას უვნებლად ვერ მიიღებს. „შენ მიერ არს ქებაი ჩემი ეკლესიასა შინა დიდსა“ (ფს. 21.26) მომავალ საუკუნეში, რადგან ვიდრე იქ არ მივალ და შენმიერი ქება ამ სოფელში ჩამესმის, ამ ქებას არარად მივიჩნევ და მავნებლადაც ჩავთვლი.

53. თუ უკიდურესი საზღვარი ამპარტავნებისა ის არის, რომ ადამიანი კაცობრივი დიდების მოსახვეჭად თვალთმაქცურად იმ სათნოებებს იჩემებს, რომლებიც მას არა აქვს, მაშინ უღრმესი სიმდაბლის ნიშანი იქნება, რომ ადამიანი გარკვეულ შემთხვევებში, საკუთარ თავზე ისეთ ცოდვებს იღებს, რომლებიც მას არ ჩაუდენია, ან არ უარყოფს, როდესაც სიცრუით აბრალებენ რამეს.

54. ასე მოიქცა ის სულიერი მამა, რომელმაც ხელში აიღო პური და ყველი და სიმდაბლით თავის კარებთან დაჯდა. ასევე - ის სიწმიდის მოღვაწე, რომელმაც სამოსელი განიძარცვა და ქალაქი უვნებლად განვლო.

55. ასეთები ადამიანებს ვეღარ დააბრკოლებენ, რადგან ლოცვის მიერ სხვათა დარწმუნების ძალა შეუძენიათ.

56. ხოლო, ვინც ამათგან პირველს, ე.ი. საცდურს ეძებს, მაშინ იგი ავლენს, რომ მეორე ნიჭი ნაკლებადა აქვს; რადგან იქ, სადაც ღმერთი მზადაა, სათხოვარი შეგვისრულოს, ჩვენ ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია.

57. ის ვირჩიოთ, ძმებო, რომ ღვთისათვის ვიყოთ სასურველნი და არა - კაცთათვის, რადგან ღმერთს უხარია, როდესაც ხედავს, რომ ჩვენ კაცთაგან შეურაცხყოფას ვეძებთ, რათა ამაო ამპარტავნება დავძლიოთ და გავანადგუროთ.

58. ასეთ ნიჭს მოგვცემს სრული უარყოფა სოფლისა, რადგან ყოველგვარი შეურაცხყოფისა და დათმენა მეტისმეტად დიდი საქმეა.

59. ნუ გაგიკვირდება ეს სიტყვები, საყვარელო, რადგან ისეთი არავინაა, ვინც ერთი ნაბიჯით კიბის თავზე ასვლას შეძლებდა.

60. „ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ“ ღვთისა „მოწაფენი“ ვართ (იოან. 13.35), როდესაც არა „სულნი უკეთურნი დაგვემორჩილებიან“, არამედ, როცა „სახელები“ ჩვენი დაიწერება „ცათა შინა“ (ლუკ. 10.20) სიმდაბლისასა.

61. ბუნებრივი უნაყოფობა ლიმონის ხის ტოტებს ზემოთ აღამაღლებს, ხოლო თუ ისინი ქვევით დაიხრებიან ნიშანია იმისა, რომ მალე ნაყოფს გამოიღებენ. ვინც გონიერად წაიკითხავს, მიხვდება ამ სიტყვების აზრს.

62. ღვთის მიერ ნეტარი სიმდაბლე ოცდაათ, სამოც და ასეულ საფეხურს აივლის. ამ უკნასნკნლზე სრულნი ავლენ, საშუალოზე - გულმოდგინენი, ხოლო პირველზე ასვლა ყველასათვის შესაძლებელია.

63. ვინც საკუთარი თავი შეიცნო, თავის შესაძლებლობაზე აღმატებულ საქმეს არასოდეს შეეჭიდება და მას ამ სანატრელ გზაზე შეუდგამს ფეხი.

64. როგორც ჩიტები უფრთხიან შავარდენს, ისე ერიდება სიმდაბლე ბილწსიტყვაობას.

65. წინასწარმეტყველების, ნიშნებსა და სასწაულების აღსრულების გარეშე მრავალმა დაიმკვიდრა სამოთხე, მაგრამ გარეშე სიმდაბლისა - არავინ შესულა მასში.

66. რადგან პირველთა (ნიჭების) დამცველი არის მეორე (სიმდბლე); მაგრამ ხშირად, უგულისხმო ადამიანებში პირველი მეორეს მოაკვდინებს.

67. იმისათვის, რომ ნეტარი სიმდაბლე შევიძინოთ, უფალმა ისე განაგო, რომ მოყვასი უკეთ ხედავს ჩვენს წყლულებს, ვიდრე ჩვენ - თავად. ამიტომ საკუთარ წყლულებს თვითონ კი არ ვმკურნალობთ, არამედ - სულიერი მწყემსი და როდესაც განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვწივართ მადლობას.

68. მდაბალი თავის ნებას, როგორც მაცდურს, ისე უარყოფს მუდამ, - თვით უფლისადმი ვედრებაშიც კი; იგი სიმდაბლით ითხოვს მისგან შესაბამის სიკეთეს და სარწმუნოებით სწავლობს ამის საშუალებით.

69. მდაბალი მუდამ მორჩილია. იგი უკეთეს სიტყვებს სხვებისგან ისმენს, რადგან არასოდეს ენდობა თავს, რომელზეც ზრუნვა მიუტევა უფალს - მას ვინც ბალამთან საუბარი ვირს შეაძლებინა. იგი ყველაფერს რომ ღვთის მიერ აკეთებდეს და ამბობდეს, საკუთარი გულისხმიერება მაინც არ სჯერა. რადგან, როგორც ამპარტავნისთვის მძიმეა სხვისთვის შეკითხვა, ასევე მძიმეა მდაბლისათვის თავის თავზე მინდობა.

70. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ანგელოზებს შეუძლიათ, უცოდველად დაიცვან თავი. რადგან მიწიერი ანგელოზის პავლესაგან მოვისმინე: „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს, არამედ არა თუ ამით განვიმართლდები. ხოლო განმკითხველი ჩემი უფალი არს“ (1 კორ.4.4). ამიტომაა, რომ გამუდმებით უნდა განვიკითხავდეთ საკუთარ თავს და დამნაშავედ მიგვაჩნდეს იგი, რადგან ნებსით თავის დამდაბლებით უნებურ ცოდვებს განვეშოროთ; ხოლო თუ ასე არ მოვიქცევით, მათ გამო სიკვდილის ჟამს საშინელი ტანჯვა მოგველის.

71. ვინც რაიმეს ითხოვს უფლისაგან და საკუთარი თავი ამ სათხოვარის ღირსად არ მიაჩნია, იგი უმეტესს მიიღებს. ამის მოწმე ის მეზვერეა, რომელმაც მიტევება ითხოვა და გამართლება მიიღო.

72. ავაზაკმა მხოლოდ მოხსენება ითხოვა ცათა სასუფეველში და სამოთხე დაიმკვიდრა.

73. ისევე როგორც შესაძლებელია, დედამიწაზე ცეცხლის დიდი ან მცირე ბუნება არსებობდეს, არამედ მისი ბუნება ერთია და ამიტომ მცირე ნაკვერჩხლისა და დიდი ცეცხლის ბუნება მსგავსია; ასევე, სადაც ჭეშმარიტი სიმდაბლე დამკვიდრდება, იქ ცოდვის მწიკვლი ვერ იარსებებს.

74. ვიდრე ნებით ვცოდავთ, ჩვენში სიმდაბლე არ იმყოფება; აქედან შეიძლება მივხვდეთ, თუ როდის მკვიდრდება ჩვენში იგი. რადგან უფალმა იცოდა, რომ გარეგნული მაგალითი დაამდაბლებს სულს, მან არდაგი მოირტყა და სიმდაბლის ძალა და გზა გვაჩვენა, რადგან სული საქმეს ხედავს და როგორიცაა საქმე, ისეთივეა სული.

75. ანგელოზს მთავრობა ამპარტავნების საბაბად გაუხდა, მაგრამ მთავრობა მას ამისათვის არ ჰქონია ბოძებული.

76. სხვაა სულეირი მდგომარეობა სამეფო ტახტზე მჯდომი ადამიანისა და სხვა - მისი, ვინც სიბინძურეზე მიგდებულა. და ალბათ ამ მიზეზით იყო, რომ დიდი და მართალი იობი ქალაქგარეთ სიბინძურეზე იჯდა, რადგან სწორედ მაშინ მიიღო სრული სიმდაბლე და სულერი სიბრძნით ვთქვა: „ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობ. 42.6).

77. ყოველ ადამიანზე მეტად შემცოდე მანასეს მაგალითს მოვიტან, მან კერპმსახურებით შებილწა ტაძარი ღვთისა და მთელ ქვეყანას რომ მისთვის ემარხულა, ამ ურჯულოებას მაინც ვერ გამოისყიდდა, მაგრამ მხოლოდ ერთმა - სიმდაბლემ შესძლო მისი უკურნებელი წყლულებსი განკურნება.

78. „უკეთუმცა გენება მსხვერპლი შემცა მეწირა“, - ეუბნება დავითი უფალს, „შევსწირეცა შენდა... ყოვლადდასაწველი“, მაგრამ შენ „საკუერთხი არა გთნდეს“, რადგან „მსხვერპლი ღმრთისა არს სული შემუსვრილი“. (ფს. 50.16-27) და ყოველივე ის, რაც ამას მოსდევს და ყველამ იცის.

79. „შევსცოდე უფალსა“! აღმოხდა ოდესმე ამ წმიდა სიმდაბლეს - მრუშობისა და კაცის კვლის შესახებ და წამსვე ესმა:…„უფალმა აღხოცა ცოდვაი შენი“ (2 მეფ. 12.13).

80. ნეტარმა მამებმა სიმდაბლის გზა ხორციელ შრომას უწოდეს, ხოლო მე მორჩილებასა და გულწრფელობას დავუმატებ, რომლებიც ბუნებით ამპარტავნების მოწინააღმდეგენი არიან.

81. თუ ამპარტავნებამ ანგელოზი ეშმაკად აქცია, სიმდაბლესაც შეუძლია, რომ ეშმაკები ანგელოზებად გარდაქმნას, ამიტომ დაცემულნი სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემიან.

82. ვისწრაფოთ და მთელი ძალით ვიშრომოთ, ძმებო, რომ ამ სათნოების მწვერვალზე ავიდეთ; და თუ წვერამდე ვერ მივაღწიეთ, შევეცადოთ, რომ მის მხრებზე დავსხდეთ, მაგრამ თუ არც იქ მისასვლელად მოგვდევს მუხლის ძალა, მაშინ კალთებამდე მაინც მივიდეთ, რადგან ასე მგონია, რომ ვინც აქედანაც გადმოვარდება, საღმრთო მადლს ვეღარასოდეს მიიღებს.

83. სიმდაბლის გზა და ძირი, მაგრამ არა - მისი არსი, არის: უპოვარება, უცხოობა, სიბრძნის დაფარვა, მოწყალების თხოვა, წარჩინებულობის არგამხელა, კადნიერების განგდება, მრავალმეტყველებისაგან განშორება, რადგან ამგვარად სულს სხვა ვერაფერი დაამდაბლებს. რადგან ჩვენი ღვთისადმი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როდესაც ამპარტავნების საფუძველი გვაქვს, მაგრამ ხორციელ პატივს უკანმოუხედავად გავურბივართ.

84. როდესაც რომელიმე ვნების დასამარცხებლად იარაღს აისხამს, შემწედ სიმდაბლე წაიყვანე, რადგან მაშინ „ასპიტსა და ვასილისკოსა ზედა ხვიდოდი და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი“ (ფს. 90.13); ანუ ამით ცოდვასა და სასოწარკვეთილებას გააქრობ და ქრისტეს ძალით ეშმაკსა და ვეშაპს, ანუ - ხორცს, დასთრგუნავ.

85. სიმდაბლე ცოდვის უფსკრულიდან სულის ცაში ამყვანებელი კიბეა.

86. იყო ვინმე, ვინც თავის გულში ამ სათნოების მიერ დანერგილი სიკეთე იხილა და იგი გაკვირვებამ შეიპყრო. სთხოვა მას, მისი მშობელის სახელი ეთქვა და მანაც მხიარული სახით მიუგო: „როგორ იკითხავ ჩემი მშობლის სახელს, როდესაც იგი საკვირველი და უსახელოა, მის სახელს არ გეტყვი, ვიდრე შენში არ დამკვიდრდება ღმერთი, რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე“ ამინ.

წყლისა და წყაროს დედა უფსკრულია, ხოლო გულისხმიერებისა - სიმდაბლე. (წმ. იოანე კიბისაღმწერელი)

3 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут