Дневник пользователя მია

მია
41, Тбилиси, Грузия

ახალ ცხოვრებას ვსწავლობ უშენოდ,

დრომ სულის ტკივილს იქნებ უშველოს.

ოცნებით კვლავაც ავივლი ფერდობს,

იმ ცრემლს იქ დავღვრი, შენგან რომ მერგო...

გავანდობ ფიქრებს მთვლემარე მთვარეს,

ცრემლებს შევაწმენდ ნისლიან ღამეს.

მზერას შევავლებ კლდეებს მართვიანს,

სუნთქვას მოვტაცებ მთების განთიადს.

უხმოდ შევხვდები ვარდისფერ მაისს,

ტკივილს გავატან ქვესკნელში დაისს.

მოვეფერები მინდვრის ყაყაჩოს

და მის ფურცლებში სევდას დავაღრჩობ.

ჭკუიდან შევშლი ღრუბელს ქარაფთან,

ის კი ცრემლებად დამშლის არაგვთან.

ჩამოვასვენებ ოცნებას თერგთან,

იქ სადიდებელს აღვავლენ ღმერთთან...

ნუ შემატოვებს შენზე ოცნებას,

თვალზე ცრემლებით, შორით მლოცველად.


ნაოჭებში ჩახვეული წლები...
თბილ თვალებში ჩაწოლილი სევდა...
წამწამებზე დაკიდული ცრემლი,
ალბათ, რას არ შეგახვედრათ ბედმა?..

ქალი სხვაა...ქალს უხდება ცრემლი,
იტირებს და მოიოხებს ვარამს,
კაცის ცრემლი-გულის ასჯერ მკვლელი-
მამაკაცის თვალზე ცრემლი მზარავს!..

ო, ბატონო, ჩაიქროლეს წლებმა,
თქვენს წინ გაწვა მოგონების ველი...
ერთხელ ისევ გაგახაროთ ბედმა,
თბილ თვალებზე შეგიმშრალოთ ცრემლი..


დღეს მე აწმყო ვარ, წარსულის შვილი.
ბედის შექმნილი და დატუქსული.
იღბალი მსდევდა მათრახით ხელში,
მაგრამ, ვერ შესძლო მოდრეკა სულის.
თუმცა, სხეული გადამეღალა,
დრომაც, დატოვა თვალებში კვალი.
გულში იარებს, არა აქვთ ტევა,
სხვის მაგიერიც, გავეცი ვალი.
და მაინც, დავრჩი ადამიანად...
მაინც შევძელი, მაინც ვიცხოვრე...

ყოფის სანაგვეს არ დავამსგავსე,
ტვირთად ნაზიდი ჩემი სიცოცხლე


წუხელ ისეთი ვნახე სიზმარი,
ცხადში ამ ტკივილს რა გაუძლებდა,
თითქოს შენს სხეულს სუნთქვა შეუწყდა,
და,უშენობა ვერ ვზიდე დედა...

თითქოს ფერები წაერთვა სივრცეს,
მზემ წაიხურა თალხი გლოვისა,
ვგრძნობდი,თუ როგორ დავპატარავდი,
და,ვიქეც უძლურ ნაჭერ მძორისა...

ისეთი ცეცხლი მიწვავდა გულ-ღვიძლს,
სულში ნემსებმა დამიწყეს ჩხვეტა,
რა უსაშველო ტანჯვა ყოფილხარ,
თუნდაც სიზმარშიც,ნუ წახვალ დედა...

გამოფხიზლებულს სიმწრის ოფლიდან,
ტანზე დამფინა უგულო სევდამ,
ღმერთო,ნურასდროს ნუ გამიმეტებ,
და არასოდეს წამართვა დედა...


07.12.2015

რაც არ ყოფილა, ის არც იქნება,

მაგრამ რაც იყო, იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება, ან შეიკვრება,
მომსვლელი მოვა, წამსვლელი წავა...

მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.

გაუფასურდა, ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი.
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს -
კარგად იყავით. მადლობთ. მშვიდობით.


13.07.2012

თუკი ერთგულება არ არსებობს,
ერთად ნუ ვიქნებით მეტ ხანს,
შენი მოლოდინის ჯვარზე გამაკარი,
და მას ერთგულება ერქვას.

თუკი უკვდავება არ არსებობს,
უფალს შევავედრებ შენს თავს,
შევქმნათ საოცარი სიყვარული
და მას უკვდავება ერქვას.


არ წამთ სიყვარულის არსებობა,
და ჩვენ დავუმტკიცოთ ყველას,
ჩვენი გულები რომ შევაერთეთ,
ამას სიყვარული ერქვას.

თუკი მოკვდავია ყველაფერი,
თუკი ვერ ვიცოცხლებთ დიდხანს,
თუკი დასასრული სიკვდილია,
სიკვდილს სილამაზე ერქვას.

თუკი საოცრება არ არსებობს,
მომსწრე სუყველაფრის ჩვენ ვართ,
შევქმნათ ხელთავიდან ყველაფერი
და მას საოცრება ერქვას.

გიკვირს?! მუნჯი ვიყავ ავმეტყველდი.


უშნოდ ლამაზია ეს ქალი,
ადამიანისფერ თვალებით,
სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი
სახე აქვს დაღლილი ფერებით.

მზეზე სახრჩობელა კიდია,
სხივებმა ატმები დახოცეს,
ეს ქალი სამყაროს კიდეა,
ჰორიზონტზე რომ აკოცეს.

სული აქვს აპრილზე მუზადი,
მის მკერდზე სტრიქონი მეწერა,
ტანი აქვს თლილი და უზადო,
ლოგინზე დაღვრილი ფერწერად.

ოთახი საღამოს ემდურის ,
გაყინულ ცოლივით მთავრეა,
არ იყო ის ქალი ერთგული
და ახლა ვნებების ქარია.

სევდისგან ეცვლება ნაკვთები
ამ ღმერთის საცოლე პითიას,
ვუყურებ და მიკვირს , არ ვკვდები,
ეს ქალი ცოცხალი მითია.

იები ამ ქალის სულს ზრდიან,
მგონია,ეს ქალი თამარს შობს,
ეპოქა ქალივით სუსტია
და კაცის ნერვებზე თამაშობს.


თუ მოსეირნე დამინახეთ უაზროდ ფიქრში,
ნუ იტყვით ჩემზე: – როგორ წააგავს გალეშილ გიჟს…
მე კოშმარები კვლავ მიხსნიან სიყვარულს ძილში
და ეს ფიქრებიც მთვარეულივით მძინარეს მჭირს.
ახლაც კალამი არ მიჭირავს, თქვენ გეჩვენებათ!..
უბრალოდ ვფიქრობ და მელანი მღალატობს კვლავაც,
მოფარებული, სანთლის შუქზე რომ შემეჩვევა
ჩემს ყველა სიტყვას ჩუმად უხსნის სანთლების ლავას.
დავალ…
ოთახი დაჭრიალებს, ვერ იტევს სხეულს,
ჩემს გადახუნძლულ ნაფაზებში ეწვის ფანჯრები,
ეწვის მაგიდა სანთლის წვეთებზე შემოხვეულს,
ეულს ვერ მიძლებს რითმიანი სიტყვების რეწვით.

ო, როგორ მომწონს, რომ იცოდეთ თქვენი თითები,
უცხო სხეულის ჩაორთქლილი შეგრძნება ჩემში
და მოფრთხილება დავიწყებულს როგორც ფიფქები,
შემოგადნებით მაგ ფარული ფერებით ხელში.

ვიცი, მიხილავთ მოსეირნეს უაზროდ ფიქრში
და ნუ იფიქრებთ, რომ…


მიედინება დარდიანად დღეთა დინება,
შარიშურობენ შარიანი შავი ეჭვები,
კვლავ შენზე ვფიქრობ, და ამ ფიქრში არ მეძინება,
გულში ჟღარუნებს მოჟღარუნე ტრფობის ეჟვნები.
გადმოვფრინდები შენთან ფიქრის ფარფატა ფრთებით,
დაგცვარ-დაგნამავ ოცნებების ცისფერ ცვარ-ნამით,
ავჩუხჩუხდები, ავდუღდები ჩუხჩუხა ვნებით,
და დაგეღვრები ნიაღვრებათ უმთვარო ღამით.
მაგრამ მე ვხვდები რომ ამაო არის ყოველი,
და მარტოობა ვით მტარვალი მაწამებს, მტანჯავს,
იმედის შარას შევცქერი და შველას მოველი,
თვალნი დაბეცდა, თანაგრძნობა არა და არ ჩანს.
დარდიმანდული გულზე დარდი დამეფინება,
და შარიშურით შარიანი შავი ეჭვები
დაჭრიჭინებენ, ამ ჭრიჭინში არ მეძინება,
მე კვლავ მარტო ვარ,
უშენობას მგონი ვეჩვევი!


გახსოვს?ტაბლას რომ ვუსხედით ორნი,
და სული ნების ჩარჩოებს გასცდა.
როგორ აკრთობდა მდუმარე სანთელს,
ჩემი განგაში და შენი განცდა.

თითქოს ზეცისკენ მიჰქროდნენ ჩუმად,
ლექსის ნექტარით დაისრულები,
ერთფეროვანი ცხოვრების რკალში,
გამომწყვდეული ჩვენი სულები…

ამაღლებული გრძნობების განცდამ,
გვაჩუქა წამი სოფლისმზეობის.
ისევ მდუმარედ იდგა სანთელი,
უტყვი მოწამე ჩვენი სერობის…

ვთქვით სადღეგრძელო და დაიცალა,
თასები ღვინის ნექტარით სავსე.
მჯერა,განცდილი ტკბობის წამები,
შენს სულს ლამაზი ოცნებით ავსებს…

ხსოვნიდან ნებით დაგვეკარგება,
თუ გულში სითბოდ არ დაგრჩა რამე.
სულს მარადიულ მნათედ გაჰყვება,
ის უჩვეულო ლამაზი ღამე!


← предыдущая 1 2 3 4 5 ... 23 следующая
Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут