memgoni ar vcdebi ravi :)
33, Тбилиси, Грузия

ხშირად თქმულა და ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ექნება გაგებული- " საქართველოს გეზი დასავლეთისკენ აქვს აღებული, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას ესწრაფვის" - მაგრამ მთავარი პრობლემა არა ისაა, რომ ეს ვერ ხერხდება რაღაც მიზეზების გამო არამედ ის, რომ პრობლემას თავად საზოგადოების აზროვნება წარმოადგენს. ვერანაირად ვერ მოხერხდება ჩვენ კულტურაში დასავლური ღირებულებების, ელემენტებისა თუ სიაახლეების შემოტანა და შერწყმა მასთან, სანამ თავად რადიკალურად ან სულ მცირე ისე არ შეიცვლება ის, რომ დასავლურს მოერგოს. ჩვენ საკმაოდ ტრადიციული ქვეყანა ვართ, რომელსაც მართლმადიდებლური სარწმუნოება ამყარებს, რომელიც გარკვეულწილად ხისტია და სიახლეების მიღებას ძნელად ეგუება. ამ მხრივ შეიძლება ითქვას საქართველო გაცილებით უფრო აზიურია ვიდრე ევროპული, თუმცა მთლიან ჯამში რომელიმე ერთისადმი მისი მიკუთვნება მაინც ვერ ხერხდება, ის თავისთავადი და ორიგინალურია.
ახლა რაც საზოგადოების აზროვნებას შეეხება, ამ მხრივ მართლა საინტერესო მდგომარეობა გვაქვს, რაც ხშირად მართალია სასაცილოა, მაგრამ არამგონია საბოლოოდ კარგის მომტანი იყოს. სასაცილოა ის თუნდაც, რომ ვიღაცას 2 წიგნი წაუკითხავს და თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია, პროფესიონალად მოგვაჩვენებს თავს ნებისმიერ საკითხში; ვიღაცას რაღაცისთვის მიუღწევია სპორტში და თავი ყოვლისშემძლე ჰგონია; ვიღაცას 2 სიტყვა დაუწერია ან წაუმღერია და მსოფლიო დონის ვარსკვლავი ჰგონია თავი. მხოლოდ ჩვენთან თუ იტყვის ვინმე, რომ მისი შვილი ნიჭიერია, თუმცა ზარმაცი და ზოგადად ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ ზარმაცები, ისე არც თავის თავზე საუბარს ერიდება ბევრი, პატივმოყვარეობის ან ამპარტავნობის და თავმდაბლობის ან მოკრძალების არც არაფერი სმენია. მხოლოდ სხვისი კრიტიკა შეუძლიათ, მაშინ როდესაც შეიძლება თავად იყვნენ უარეს მდგომარეობაში ვიდრე ის ვისაც აკრიტიკებენ. სასაცილოა მაგრამ ხშირად წააწყდები- თუნდაც ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სხვადასხვა დაწესებულებაში როგორი სჯა-ბაასი აქვთ გამართული რამდენიმე ადამიანს საკითხზე, რომელიც სულაც არ ეხებათ მათ და არც კომპეტენტურები არიან ამ კონკრეტულ საკითხში. უბრალოდ მედგრად იცავენ თავის აზრს, ხოლო რას ემყარება მათი ეს მოსაზრება აი ესაა მთავარი პრობლემა, არანაირი არგუმენტი ან მაგალითი არა აქვთ მის განსამტკიცებლად, მაშინ კი როდესაც შენ საპირისპირო აზრს დამაჯერებლად ჩამოაყალიბებ, ამჩნევ რომ საერთოდ არ გისმენენ ან ცინიკურად გიყურებენ. მათ იმის სწამთ ბრმად რასაც ამბობენ, თუნდაც ეს აბსოლიტური სისულელე იყოს. შემდეგ კი აქეთ გიწყებენ ჭკუის სწავლებას, დარიგებას და ცდილობენ საკუთარი აზრი მოგახვიონ თავს თითქოს ეს იყოს ზოგადი ჭეშმარიტება. ხშირად ისიც სასაცილოა როცა ვიღაც საკუთარ თავზე საუბრობს, ის თუ რისი გაკეთება შეუძლია, როგორი ნიჭიერია, როგორ მალე შეუძლია ყველაფრის დამახსოვრება, მაგრამ უეცრად ჩნდება ფრაზა - " რომ არ მეზარებოდეს" და აქ მთავრდება ყველაფერი. ჯერ ერთი რად გინდა ნიჭი თუ მას ვერაფერში გამოიყენებ ან რა აზრი აქვს მის ქონას თუ თან შრომაც არ დაურთე, არ განავითარე, არ დახვეწე; სხვა შემთხვევაში მისი თვითღირებულება ნულია უბრალოდ. მეორეც სასაცილოა სწორედ ის რომ ამას ყოველ მეორისგან გაიგებ, ყველას ჰგონია რომ ნიჭიერია, არადა უყურებ ადამიანს და შენს წინ უსაქმურსა და არაფრისმაქნის ხედავ, რომელსაც ჰგონია რომ ნიჭიერია, მაგრამ სინამდვილეში შორსაა რეალობისგან. ვინმეს ეგონება თითქოს ვიღაცის შესაძლებლობები გაღიზიანებს კაცს, მაგრამ ეს ასე არაა, ნეტამც მართალი იყოს რასაც ამბობენ ხშირად ამას რა სჯობია. განა ბედნიერი და ამაყი არ იქნები იმით, რომ ამდენი ნიჭიერი ადამიანი იქნება შენს ქვეყანაში, თანაც შრომისმოყვარე კიდევ უფრო ბედნიერი იქნები მაშინ, როცა ამ ნიჭს რა თქმა უნდა პირველ რიგში თავის თავისთვის, საბოლოოდ კი მაინც თავიანთი ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენებენ. ასევე მხოლოდ ჩვენთან შეიძლება ნახო გარაჟში ან ეზოში მეზობელს მერსედესის მარკის ის მოდელი, რომლის ყიდვაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და არც არაფერში იყენებს, უფრო სწორად არ კი არა ვერ იყენებს, არ აქვს იმის შესაძლებლობა საწვავით შეავსოს ავზი და ავტომობილი დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. მხოლოდ ჩვენთან ნახავ ადამიანს, რომელსაც შეიძლება გზის ფული არ ჰქონდეს ან ოჯახს არ ჰქონდეს იმდენი შემოსავალი მისი უზრუნველყოფა შეეძლოს აუცილებელი პირობების შექმნით, ან ანგარიში არ ჰქონდეს ამ ადამიანს და ზარის გაშვებას გთხოვდეს, თუმცა აუცილებლად ეჭირება iphone ან Galaxy. ხშირად შეხვდები ადამიანს, რომელიც ეწევა მაგრამ სიგარეტი არ აქვს და სხვას სთხოვს; მხოლოდ ჩვენთან შეიძლება გაიგო, რომ თურმე მთავარი არა განათლების მიღებაა უნივერსიტეტში არამედ ის რომ ყველა აბარებს და შესაბამისად სირცხვილია შენ თუ არ გექნება დამთავრებული. მნიშვნელობა არ აქვს იმას როგორ გექნება დამთვარებული, მთავარია დაამთავრო და დიპლომი გეჭიროს ხელში. ალბათ ერთხელაც იქნება ეს მიმბაძველობა, შური თუ სნობიზმი შეგვიწირავს. ასეა ყოველთვის, ვიღაცა რაღაცას თავისი შრომით მიაღწევს ან იყიდის დანარჩენებს კი შურთ მისი და ცდილობენ მიბაძონ. რა თქმა უნდა შურს აშკარად არავინ აჩენს, მაგრამ საქმენი სწორედ ამაზე მეტყველებენ. შური ერთგვარი სტიმულია და მამოძრავებელი ძალა უმოძრაო სხეულებისა, ის განაპირობებს საზოგადოების მოქმედების მთავარ მიზეზს. ხშირად იმასაც იტყვიან ხოლმე, რომ არავის არ აინტერესებს რა არის მოდაში, ისინი იმას იცმევენ, ყიდულობენ თუ მოიხმარენ რაც მათ სურთ და მიაჩნიათ ინდივიდუალურები არიან, მაგრამ უეცრად ყველა იმას იმეორებს, ყიდულობს, ჭამს თუ რავი კიდევ რა, რაც ბევრგან უნახავს, სმენია, რაც პოპულარულია და საზოგადოების ფართო მასებისთვის მისაღები. კიდევ ერთი რაც ხშირად გაღიზიანებას იწვევს ესაა არაპუნქტუალობა ადამიანის და მისი უპასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან ბევრია ისეთი შემთხვევა, როცა ვიღაც გეუბნევა რომ განსაზღვრულ დროს გნახავს, თუმცა აუცილებლად დააგვიანებს, ან შეგპირდება ვინმე რომ დაგეხმარება რაღაც საქმეში, მაგრამ დანაპირებს ვერ ან არ აასრულებს და თავს იმით იმართლებს, რომ სხვა საქმე გამოუჩნდა. არადა ხშირ შემთხვევაში მას უარი თავიდანვე აქვს გამზადებული უბრალოდ ამას შენ არ გეუბნევა, რადგან ცდილობს შენთან კარგი გამოჩნდეს, დაგანახოს თუ როგორ არის დაინტერესებული შენი პრობლემის მოგვარებით.
რაზე საუბარიც მიჭირს და ძალიან რთულია ზოგადად, ეს რწმენის საკითხია. ეკლესიაში სიარული დღეს ალბათ უფრო მოდაა ან აუცილებლობა, ვიდრე ბევრის სულიერი მოთხოვნილება, შეიძლება ვცდები კიდეც, თუმცა ეს ჩემი აზრია და ვსაუბრობ იქიდან გამომდინარე, რაც მინახავს პირადად და გამიგია. რა თქმა უნდა არსებობს ღირებულებები, რომლებიც წინა პლანზე გვაქვს წამოწეული და ღირებულებები, რომლებიც ამ წინებთან შედარებით მეორეხარისხოვანია, მაგრამ ღირებულებები დიქოტომიურად შეიძლება გავყოთ იმის მიხედვით ის მოწონებულია და შეძენილი თუ ჩვენში არსებული. ეკლესიაში სიარული სწორედ მოწონებული ღირებულებაა ბევრისთვის. ამას თავი რომ გავანებოთ ხშირად პრობლემას გაუაზრებელი ფანატიზმი წარმოადგენს, ადამიანები ხშირად მხოლოდ ერთი ჩარჩოთი შემოიფარგლებიან და არ აინტერესებთ მის გარეთ რა ხდება, დოგმებში არიან მოქცეულნი და საღ აზროვნებას მოკლებულნი. ეს უკვე რადიკალიზმია რადიკალიზმი კი საზოგადოების წინსვლას აფერხებს, არ შეიძლება რაიმე საკითხს მხოლოდ ერთი კუთხით მიუდგე, მხოლოდ მარტივ პასუხებზე იყო დამოკიდებული და ფსევდოლოგიკურობას ემყარებოდე. თუმცა სანამ თემას ძალიან დავშორდებოდე გავაგრძელებ. კიდევ ერთი საკითხია და ალბათ მე ვერ ვხვდები ამას, რომ თუ ჩადენილ ცოდვას ინანიებს ადამიანი, აქ არ მაქვს ისეთ ცოდვებზე საუბარი მაინცდამაინც , რომელსაც ალბათ თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩავდივართ და გვერდს ვერ ავუვლით ხოლმე ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები ვართ უბრალოდ; ისეთ ცოდვებზე მაქვს საუბარი, როგორიც- ღალატი, ტყუილი, ცილისწამება და ა.შ. თუ ამ ყველაფერს ადამიანი ინანიებს ეკლესიაში მისული, ხოლო იქიდან გამოსული ისევ იგივეს იმეორებს რა აზრი აქვს მაშინ ამ მონანიებას?! ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას გამოსწორებისკენ?! ხშირად ყოფილა შემთხვევაც, როდესაც მორწმუნე მართმადიდებელი როგორც ის ალბათ საკუთარ თავს უწოდებს და შემდგომ სხვას აკრიტიკებს ან ჭკუას არიგებს მარხვის პერიოდში, მაშინ როდესაც თავადაც მარხვაზეა შესაბამისად შედის კაზინოში და თამაშობს ფულზე, ან თუნდაც ჩადის სხვა ცოდვებს, რომლისგან თავის შეკავებაც აბსოლიტურად შესაძლებელია. ბევრი ალბათ ისე გაიგებს ჩემს აქამდე ნათქვამს, როგორც ამ თემაზე ისე წინაზე, რომ თითქოს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავდე, ყველა ცუდი იყოს, არა ეს ასე არ არის. ცუდი და კარგი; კეთილი და ბოროტი; მორწმუნე და ურწმუნო; ჭკვიანი და სულელი და ა. შ. ყველა საზოგადოებაშია, უბრალოდ ამ შემთხვევაში ამ საკითხებს იმიტომ გამოვყოფ, რომ ეს არა ერთის და ორის პრობლემაა, არამედ საზოგადოების დიდი ნაწილის. რა თქმა უნდა არიან მართლმოწმუნეებიც, რომლებით სათნოებით, ჰუმანურობით გამოირჩევიან და გარკვეულწილად ალტრუიზმიც ახასიათებთ. მართლა ძნელია ამ საკითხზე საუბარი, თუმცა მე ჩემი სათქმელი მინდოდა მეთქვა, თუ რაღაც ისე სწორად ვერ გამოვხატე მაპატიებს ალბათ მკითხველი.
შემდეგი პრობლემა რასაც მინდა შევეხო, ეს არის ქალისა და მამაკაცის თუ მემგონი უფრო გოგოსა და ბიჭის ურთიერთობა. საქმე აქაც ძალიან ცუდად გვაქვს. ამ სითუაციაში ძნელია დაადანაშაულო ერთი მხრივ მხოლოდ გოგოები (ქალები), რომლებიც ვითომდა ქართული რეალობიდან გამომდინარე თავს იკავებენ მოიქცნენ ისე, როგორც მათ სურთ და ზოგადად თავი შეიკავონ იმისგან, რაც ბუნებრივ მოთხოვნილებას წარმოადგენს და მეორე მხრივ მხოლოდ ბიჭები (მამაკაცები), რომლებიც ვითომდა ამ ჩამორჩენილობას, დროისათვის შეუსაბამო ქცევას დასცინიან, უფრო მეტი გახსნილობისკენ მოუწოდებენ გოგონებს (ქალებს) ან სურთ, რომ ასეთები იყვნენ, მაგრამ საქმე- საქეზე რომ მიდგეს რა თქმა უნდა ასეთ გოგონასთან (ქალთან) ურთიერთობა, რომელსაც შეიძლება 1 ან 2 პარტნიორთან სექსი ჰქონოდა, სერიოზული მიზნით- მხედველობააში მაქვს ოჯახის შექმნა- არავის ენდომება. მეორეც ცუდი ის არის, რომ რომელიმე მათგანს სექსი აქვს ვინმე გოგონასთან, მათი უმრავლესობა ამ თემაზე საჯაროდ საუბრობს, ამაყობს ამით და პარტნიორს სხვების თვალში ამცირებს. გასაგებია ეს ნაკლი რაც ბიჭების უმრავლესობას ახასიათებს, მაგრამ უარესი სიტუაციაა გოგონებთან. არიან გოგოების კატეგორია, რომელთაც თავისუფლება , საკუთარი ცხოვრების თავად წარმართვის უფლება, სულ სხვანაირად გაიგეს, უფრო სწორად მას აბსოლიტური თავისუფლებისა და აშვებულობის სახე მისცეს, შესაბამისად ნებისმიერ ბიჭთან შეიძლება ჰქონდეთ სექსი და თან მათი რაოდენობაც სულ უფრო და უფრო იზრდება. არიან გოგონების კატეგორია, რომლებიც ცდილობენ შეყვარებულობის სტატუსს შეაფარონ თავი და ასე დაიკმაყოფილონ ბუნებრივი მოთხოვნილებები, თუმცა ამ შემთხვევაშიც შეყვარებულთა რაოდენობა სწრაფი ტემპით იზრდება და საბოლოოდ შედეგი ისეთივეა, როგორც წინა შემთხვევაში. ასევე არიან გოგოების ტიპები, რომლებიც მზად არიან სექსისგან შეიკავონ თავი, რადგან მათი აზრით არაქალიშვილებს გათხოვება გაუჭირდებათ და მათი ურთიერთობა მხოლოდ სექსამდე მიდის, ამ შემთხვევაშიც პარტნიორთა რაოდენობა იმაზე ხშირია, ვიდრე წინა 2 შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე რომ ურთიერთობა ამ სიტუაციაში დიდხანს არ გასტანს; არიან კიდევ გოგოების კატეგორია, რომლებიც გართობის ე.წ. "პონტის" სანაცვლოდ მზად არიან ყველაფერი გაიღონ. ბოლოს კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველა ასეთი არაა. არიან გოგოები, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ ბიჭთან ურთიერთობა, არიან გოგონები, რომელთაც ჰქონიათ და აქვთ ძალიან მოკრძალებული ფორმით, ანუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ზომიერების ფარგლებში მოქმედებენ. კიდევ ერთი გოგონების უმეტესობა ძალიან ფლეგმატურია, მძიმე ხასიათის, ანგარებიანი, ამპარტავანი და ეგოისტი- რაც მათთან ურთიერობას ართულებს.
საბოლოოდ რისი თქმა შეიძლება, ალბათ იმის, რომ ჯერ კიდევ ბნელში ვართ და სინათლე ძალიან შორს და მკრთალად ჩანს. ბევრი რამ უნდა დავხვეწოთ ჩვენში, განვავითაროთ, თუნდაც - დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, ვისწავლოთ რომ გადასვლა მწვანე შუქნიშანზე ხდება და განსაზღვრულ ადგილებში, არ დავყაროთ ნაგავი ძირს, შევეშვათ ვანდალიზმს, ავტობუსებისა თუ სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ნივთებისა თუ საგნების დაზიანებას და ა. შ. იმას რაც ერთი შეხედვით მცირე დეტალებია, მაგრამ ეს დეტალები განსაზღვრავენ შემდგომ ყველაფერს. ეს აუცილებელია რათა განვითარდნენ ინდივიდები, ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად და შემდგომში ამ პიროვნებებმა შექმნან საზოგადოება, რომელიც სწორად აზროვნებისკენ აიღებს გეზს. რაც პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად ხელს შეუწყობს და გააადვილებს დასავლეთთან ჩვენს გაერთიანებას.
სულ ესაა რისი თქმაც მსურდა, მართალია ლაკონურად გამოვიდა ბევრ თემასთან მიმართებაში, მაგრამ ამ ეტაპზე ვთვლი ეს საკმარისია, მთავარი მიზანი მაინც პრობლემის წარმოჩენა იყო, მიზანი კი ამ შემთხვევაში მიღწეულია.

8 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут