არა სიცოცხლე. არა სიკვდილი. არამედ რაღაც სხვა…
36, Summerville, США

თქვენ ხომ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ წაიკითხოთ ტერენტი გრანელის ეს ჩანახატი, მაგრამ ისეთებიც იქნებიან ვინც ამას პირველად ჩემს ბლოგზე წაიკითხავენ. “გულიდან სისხლის წვეთები” ეს ის ჩანახატია, რომელიც ყოველთვის მაფიქრებს არა ერთი და იგივეზე, არამედ ათასგვარ რამეზე… რამდენჯერაც წავიკითხავ იმდენჯერ სხვადასხვა რამ მახსენდება ჩემი ცხოვრებიდან. ვხვდები როგორ მიახლოვდება ეს სიტყვები მე და როგორ აღწევენ ისინი სულში.. ვხვდები რომ ეს სიტყვები ხშირად გამოხატავენ ჩემს მდგომარეობას, მე მათთან საერთოს ვპოულობ… ალბათ ნებისმიერი თქვენგანი იპოვის მას, რადგან ეს არ არის მხოლოდ თავის თავზე დაწერილი, ერთი მიზნით შესრულებული ჩანახატი… “არამედ რაღაც სხვა” …….

გულიდან სისხლის წვეთები

მე ვწერ ამ სტრიქონებს ქარიან ღამეში, როდესაც წვიმის წვეთები ეცემიან მინას და როცა სიშორეზე ტირის როიალი.
მე ახლა მაგონდება ჩემი ცხოვრების ქარიშხლიანი დღეები და სინანულის ჟრუანტელი მივლის.
თანაც მიხარია, რომ ვარ ტერენტი გრანელი.
წინ უფსკრულია და შავი ნისლი მახვევია ირგვლივ.
მე ქვეყნის გაჩენიდან ნელა მოვდიოდი სინათლისკენ, რომ მეხილა მზე.
ალბათ მიზიდავდა შორეული და უხილავი.
მოველი ადრე.
და ახლა ისევ ვუახლოვდები სიბნელეს, როგორც ზღვას, სადაც სამუდამოდ ჩაიძირება ჩემი სხეული.
ყოველ ღამეს მოაქვს ფიქრი სიკვდილზე და სიშორეზე.
და მეშინია…
ვფიქრობ: მოვა წვიმა, როცა არ ვიქნები ცოცხალი. მაინც მჯერა ჩემი უკვდავება.
მე პოეზიამ მაგრძნობინა, რომ სადღაც შორს არსებობს უკვდავების ცისფერი მხარე, სადაც დაფრინავს ჩემი მწუხარე სული.
ქარიშხლიანი ღამეა და მინდა ვიყო სხვაგან.
პოეზიამ იცის უეცარი სიხარული, რომელიც უდრის გაფრენას.
მე არ მინდოდა სიცოცხლე.
არც სიკვდილი.
მე რაღაც სხვა მსურდა.
ახლა ვფიქრობ და მწამს მესამე გზის არსებობა, როგორც იდუმალების.
მე ისევ ვდგავარ მარადისობის გარინდებულ საზღვართან, ვით მგლოვიარე სერაფიმი და ველი ქრისტეს ლანდს, რომელიც დამიხსნის მე განსაცდელისგან.
და მჯერა სიცოცხლე სხეულის გარეშე.
მე მივმართავ მთელ მსოფლიოს შემდეგი სიტყვებით:
მე მინდა გაფრენა.
მე მინდა ყველგან ვიყო, როგორც ღმერთი.
ჩარჩენილი ვარ ბავშვივით ამ ცოდვილ ქვეყანაზე.
და არ ვიცი, როგორ ამოვიდე იმ ტალახიდან, რომელსაც ეწოდება მიწა.
არა სიცოცხლე.
არა სიკვდილი.
არამედ რაღაც სხვა.
ვამბობ: არ არიან სიტყვები გრძნობისათვის…
გარეთ ისევ ქარიშხალია, წვიმის წვეთები ისევ ეცემიან მინას და ისევ სიშორეზე ტირის როიალი.

1 просмотров
 
Комментарии

Комментариев пока нет.
Будь первым - напиши свой комментарий.

Дневники
Дневники обновляются каждые 5 минут